ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს - ვენეციის კომისიამ "გრანტების კანონზე" კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
რამდენიმე წუთის წინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა.
ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო-სამართლებრივი მრჩეველი ორგანო პირდაპირ წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს.
ვენეციის კომისია თვლის, რომ იმის ნაცვლად, რომ კანონმა "დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, აღნიშნული კანონმდებლობა მათთვის საფუძვლიანად ძირის გამოთხრის რისკს შეიცავს".
ამასთან, ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა მასთან თანამშრომლობა ამ დასკვნის მომზადების პროცესში.
რა წერია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში?
ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოსა და პოლიტიკური პარტიების სუვერენიტეტის დაცვისა და გაძლიერების მიზანს უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან. ის, პირიქით, აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას.
ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, აღნიშნული კანონმდებლობა მათთვის საფუძვლიანად ძირის გამოთხრის რისკს შეიცავს".
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, "დასკვნაში სრულიად განადგურებულია ეს “ზაკონი” და ადამიანის უფლებებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ არის შეფასებული".
"ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა რომ გრანტების კანონის ცვლილებების მიზანი არ არის საქართველოს სუვერენიტეტის ან რამე ღირებული ინტერესის დაცვა. ეს ნაწილი განსაკუთრებულად მიხარია შალვა პაპუაშვილის გუშინდელი სატელევიზიო-პოლიტიკური მატრაბაზობის საპასუხოდ"- დაწერა იურისტმა.
"ქართული ოცნების" მიერ მიღებული გრანტების კანონის თანახმად:
- გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
- ამასთან, კანონის მიხედვით, სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით.