ვიქტორ ყიფიანის მიმართვა - ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება
„ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“, - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს.
ყოფიანის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით " ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება". პოლიტიკოსი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები.
ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი, არსებითად, ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება.
შედეგად ამისა, ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები. მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში "გამარჯვებულ-დამარცხებულად" დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა, განიავდება თვისობრივი განვითარებისათვის დღეს ჯერჯერობით კიდევ თუნდაც მცირედით არსებული რესურსი. დაფიქრდით. ერთად ვიზრუნოთ ჯერ საქართველოსათვის და არა ჯერ პარტიასა თუ საკუთარი თავისათვის. და სანამ დროა, შეჩერდით. მივცეთ ქვეყანას პოლიტიკურად სუნთქვის საშუალება. - ვიქტორ ყიფიანი
პოლიტიკური პაეტია "ჯერ საქართველოს" თავმჯდომარე
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.