პარტიების აკრძალვის საქმე - როგორ ცდილობენ "ოცნების" წევრები კრიტიკულ კითხვებს არ უპასუხონ

14.10.26 13:30
პარტიების აკრძალვის საქმე -  როგორ ცდილობენ "ოცნების" წევრები კრიტიკულ კითხვებს არ უპასუხონ

"ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებენ. ამჯერად ყურადღების ცენტრში არჩილ გორდულაძე აღმოჩნდა, რომელიც დღეს სვეტიცხოველთან ერთი ხელით სანთელს იჭერდა, მეორით კი სიგარეტს უკიდებდა.

კომენტარს არ ვაძლევ თქვენს პარტიულ ტელევიზიას. მითუმეტეს, თამბაქოს მოწევის თქვენს ეთერში გაშვება კანონს არღვევს, გააგრძელეთ კანონის დარღვევა, - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

"პირველების" კითხვას, პარტიების აკრძალვს ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს თუ დაახლოებს, თორნიკე ფაღავა არ პასუხობს. მის მსგავსად კითხვებს არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პასუხობს. 

ყველანი ნუ დამყვებით, მარტო არ გეწერებით, - ამბობს თორნიკე ფაღავა.

საკითხზე კომენტარი მხოლოდ დავით მათიკაშვილმა გააკეთა, რომელიც ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიისა და კონსტიტუციური წყობის დასაცავად არის აუცილებელი და ამ საკითხზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

თავდაცვის უნარიანი დემოკრატია გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, შექმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ სასამართლო განხილვის ჭრილში სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური, სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ სასარჩელო წარმოების მომსწრენი ვართ ჩვენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება. მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწუვეტილება, რაც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები