„ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული“ - პაპუაშვილი ხორგუანს

27.10.26 13:47
„ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული“ - პაპუაშვილი ხორგუანს

პარლამენტის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა რევაზ ნადარაიას მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი და როინ შავაძის მკვლელობის საქმე გაიხსენა. სოფიო ხორგუანმა პაპუაშვილს ჰკითხა, ემიჯნება თუ არა ვასილ როინიშვილს, რომელიც, მისი თქმით, შავაძის წამების ფაქტზე თვალს ხუჭავდა.

რევაზ ნადარაია 2009 წელს გახდა მოსამართლე, ნაცმოძრაობის დროს და 2009 წლის ოქტომბერში მან გაასამართლა მოქალაქე ამნისტირებული მუხლით. თქვენ ეს იცოდით, მაგრამ მაინც დანიშნეთ უვადო მოსამართლედ 2021 წელს. როინ შავაძე ბათუმში, დღისით-მზისით დააკავეს, შემდეგ საათობით აწამებდნენ და წამებაში შემოაკვდათ კუდის თანამსრომლებს, შემდეგ დაცხრილეს ზურგიდან და დააგდეს ქობულეთის გზაზე, გაპარვას აპირებდა და იმიტომ შემოკვდაო. იცით, რომ აჭარის პროკურორმა ვასილ როინიშვილმა ვერ დაინახა დაგლეჯილი და ნაწამი როინ შავაძის სხეული. ბატონო შალვა, გაემიჯნებით ვასილ როინიშვილს, რომელმაც თვალი დახუჭა წამებაზე?, - თქვა სესიაზე სოფიო ხორგუანმა.

ხორგუანის განცხადებებს შალვა პაპუაშვილის მწვავე პასუხი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის მძიმე დანაშაულების მტკიცებულებების გარეშე დაბრალებაში დაადანაშაულა. მან ხორგუანი შესაძლო სასამართლო დავაზეც გააფრთხილა. 

ახლა თქვენ 4 წუთი დახარჯეთ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ცარიელი სიტყვებით დააბრალეთ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენა. დანაშაულის დაფარვა დააბრალეთ ერთს, მეორეს დააბრალეთ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ასე უაპელაციოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს წაუყენეთ ლამის სისხლის სამართლის ბრალი, მაგრამ სხვა დროსაც მითქვამს, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით, შეიძლება, გამოყენებული იყოს თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში. თქვენ ახლა რაც ისაუბრეთ, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ის კონსტიტუციური ბრალი, რაც წაგიყენათ პარლამენტის წევრებმა თავისი სარჩელით, რომ თქვენ არ ცნობთ დამოუკიდებელ, კონსტიტუციურ ორგანოებს, - თქვა პასუხად პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები