საქალაქო სასამართლოში ელისაშვილის პროცესი იწყება - პოლიტიკოსს სიტყვა "არაკაცის" გამო ასამართლებენ
ალეკო ელისაშვილი ციხიდან სასამართლოში გადაიყვანეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელსაც უკვე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამჯერად რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ასამართლებენ.
ახალი ბრალდების საფუძველი სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვა „არაკაცი“ გახდა. ელისაშვილმა ასე პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს მიმართა, რომელიც მის ერთ-ერთ საქმეზე პროკურატურის მოწმეა. ბრალდების მხარე პოლიტიკოსს სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.
დაცვის მხარის განცხადებით, ჭიპაშვილი სწორედ ის პოლიციელია, რომელსაც ელისაშვილი დაკავებისას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გამოძიების დაწყება პოლიციელის შესაძლო ძალადობის ნაცვლად ელისაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვის გამო შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია.
საქმე ეხება მოწმე პოლიციელს, ეს არის შოთა ჭიპაშვილი, რომელიც ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე ამხილა როგორც წამებაში, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობაში და ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ ამ მძიმე დანაშაულთა დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიაწოდა ალეკო ელისაშვილმა, ვხედავთ, რომ სიტყვა "არაკაცი", ის ეპიტეთი, რომელიც გამოიყენა ალეკო ელისაშვილმა ამ იროვნების მიმართ, გახდა ახალი სისხლის სამართლის დაწყების საფუძველი. ეს არის მისთვის უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე და მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალეკო ელისაშვილს სჯიან მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, - ამბობს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.