პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან
საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უცხო ქვეყნების მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობაზე საუბრობს და ქართველ დიპლომატებს მოუწოდებს, ქვეყნის სუვერენიტეტი არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებთან, არამედ მეგობრებთან ურთიერთობაშიც დაიცვან.
დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში პარტნიორობა სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ნების თავს მოხვევას არ უნდა გულისხმობდეს.
„ამიტომ მინდა ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ- ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი სნებით. მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილგანზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ჩაურევლობის პრინციპის დაცვა საქართველომ თავადაც უნდა უზრუნველყოს და სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური არჩევანის მიმართ პატივისცემა გამოიჩინოს.