პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებს
კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება“ - ამის შესახებ პროკურატურაში აცხადებენ.
საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც "სამარხები გათხარა".