მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს- ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზე საუბრობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო ჩართულობის შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"თუ საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ" - უთხრა მედიას თურნავამ.
მისი თქმით, თავადაც მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი, თუ ასეთი იქნება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებებს მისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.
“რაც შეეხება ჩვენი ბორდის აწ უკვე ყოფილი წევრის, ქალბატონ ნანა ყეინიშვილის საქმეს - რა თქმა უნდა, საკმაოდ სამწუხარო ფაქტია. მინდა დაგიდასტუროთ, რომ თუკი ვინმე არის დაინტერესებული იმით, რომ დროულად გაირკვეს სიმართლე, ეს არის, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი, ჩვენი ბორდი და პირადად მე, იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაციული სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი. როგორც კი ხელთ მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში, სადაც აღიძრა საქმე. ეს გავაკეთეთ ბევრად ადრე, ვიდრე ეს ფაქტები საჯარო გახდებოდა. ამაშიც გამოიხატება ჩვენი ძლიერი ინტერესი. თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება. ჯერჯერობით არ მოუმართავთ,” - განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ განაცხადა.
საქმე კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებს უკავშირდება. „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანიის წარმომადგენლებს ბიზნესში წილს სთხოვს, სანაცვლოდ კი მფარველობასა და საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას ჰპირდება. ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობა სახელმწიფოს ინტერესებისა და ეროვნული ბანკის რეპუტაციის დაცვის მიზნით დატოვა.