ომბუდსმენმა სალიას რეკომენდაციით მიმართა ციხეებში ადვოკატების სამუშაო ჩანაწერების შეუფერხებლად გატანაზე
საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს - ინფორმაციას ომბდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ადვოკატების განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრისას გაკეთებული სამუშაო ჩანაწერების გატანის შეზღუდვას შეეხებოდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს.
შესაბამისად, ლევან იოსელიანის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის.
ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად.
სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით - შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა.
ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, შემოწმება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში. პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა შესაბამისი პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ საფუძველს და იყოს აუცილებელი და პროპორციული. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება"- წერია განცხადებაში.