ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან
ახლა გაჩერება, ნიშნავს გარუსებას - ეს არის ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან. დაპატიმრებული პოლიტიკოსი “პირველებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ საზოგადოებამ ბრძოლა არ უნდა შეწყვიტოს.
ენმ-ის ლიდერი, ყველას სთხოვს, არ დანებდნენ, რადგან მიიჩნევს, რომ მიტოვება ნიშნავს, მომავალი თაობების რუსეთში გაზრდას.
ყველა ის ადამიანი, ვინც არ ნებდებით, არ ჩერდებით, არ ემორჩილებით, აგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, მომავლისთვის და შესაბამისად, ჩვენც აქედან, როგორც შეგვიძლია ვაგრძელებთ ბრძოლას. არ დავბნებდებით, არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ახლა დანებება და გაჩერება ნიშნავს, ამ ქვეყნის გარუსებას, ეს არავის გვინდა. აქ იმიტომ აღმოვჩნდით თითოეული მათგანი, რომ ეს არ გვინდოდა ზუსტად. ახლა შუა გზაზე გაჩერება, მიტოვება ნიშნავს, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები დაიზრდებიან რუსეთში. გვენატრება თავისუფლება, მაგრამ ჩვენს პირად თავისუფლებაზე მეტად, ამ ქვეყნის თავისუფლება მენატრება. არცერთი ნაბიჯი უკან, ბრძოლა ბოლომდე, - ამბობს ნადირაძე.
ნადირაძე თავისუფალ მედიას მხნეობისკენ მოუწოდებს და ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციოს შემდეგ, „ოცნება“ უკვე ტელევიზიებს მიადგება და შემდეგი გაჩერება დამოუკიდებელი მედია იქნება.
გიყურებთ სულ და კიდევ კარგი არსებობთ და დარჩით ამ თავისუფალ სივრცეში. ყოჩაღად ვართ, მხნედ ვართ, აქ ჩვენზე სადარდებელი არაფერი არ არის, თქვენზე ვნერვიულობთ, სიმართლე რომ გითხრათ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში რომ ვართ ქვეყანა, ეგ ჩემზე კარგად კი იცით. ჩვენზე სადარდებელი არ არის, უარესებისთვის გაუძლიათ, კი არ შევედრები იმ დიდ ხალხს, მერაბიდან დაწყებული, ზვიადით დამთავრებული, ხალხი ისეთებს უძლებდა, იმასთან შედარებით ხმას ვერ ამოვიღებთ. მთავარია, მანდ იყოთ მხნედ, ძალიან მადარდებს ტელევიზიების ამბები, სიმართლე რომ გითხრათ, რადგან ალბათ ამ საკონსტიტუციოს შემდეგ, შემდეგ გაჩერება ტელევიზიები იქნება, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თქვენ იყოთ მხნედ, - ამბობს ნადირაძე.
ირაკლი ნადირაძეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს.