“ოცნების“ დეპუტატს, შოთა ბერეკაშვილს სურს, რომ საქართველოში ინდური ბანკები შემოვიდეს
“ოცნების“ დეპუტატი, შოთა ბერეკაშვილი საქართველოში ინდური ბანკების შემოსვლას ითხოვს.
როგორც ბერეკაშვილმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, მართალია, ინდოეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად არ ითვლება, თუმცა ინდური ბანკები ძალიან სტაბილური ბანკები არიან და მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვთ.
“ოცნების“ დეპუტატის სურვილია, საქართველოში სწორედ ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს.
„დღეს ჩვენი გამოწვევაა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს - პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს! რაც უფრო მაღალი და ჯანსაღია კონკურენცია, ჩვენი მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ისეთი პირობები შეიქმნას, რაც დაფუძნებული იქნება სამ გარემოებაზე - ეს არის გამჭვირვალობა, მომხმარებელთა ინფორმირებულობა და მაქსიმალურად კონკურენტული გარემოს შექმნა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი სწორედ ამ სამ საფუძველს ეფუძნება. მიგვაჩნია, რომ გამჭვირვალობით და კონკურენტულობის გაზრდით შევძლებთ იმას, რომ საფინანსო სისტემაში უფრო მეტი მოთამაშე იყოს.
აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე შევძლებთ, რომ საფინანსო სექტორში უფრო მეტი ბანკი იქნება - როგორც სისტემური ბანკები, ასევე მიკრობანკები“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მიღება იგეგმება, რომლის საფუძველზე უცხოური ბანკების საქართველოში შემოსვლა მარტივდება. ცვლილებები ასევე ეხება საბანკო ლიცენზირების პროცედურებს და ბანკების მიერ უძრავი ქონების გამოყენების შეზღუდვას.