ბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას

10.11.26 17:03
ბოჭორიშვილმა მშვიდობის სამიტზე ილაპარაკა, როგორ ართმევს რუსეთი ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლებას

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას ართმევენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარიზში ილაპარაკა, სადაც დღეს მშვიდობის სამიტს ესწრება. 

საქართველოს ორი რეგიონის რუსული ოკუპაცია დღემდე ახდენს გავლენას ბავშვების ცხოვრებაზე. მათი ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები მათი ყოველდღიური რეალობის ნაწილია. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა ბავშვებისთვის, რუსულენოვანი განათლების სისტემის იძულებით დანერგვასთან ერთად, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ განათლებაზე ხელმისაწვდომობას, არამედ მათ იდენტობას, კულტურასა და კავშირს საკუთარ ქვეყანასთან, - თქვა ბოჭორიშვილმა. 

პანელური დისკუსია მშვიდობის სამიტზე, რომლის მონაწილე ბოჭორიშვილი იყო, სწორედ ბავშთა უფლების დაცვას ეხებოდა.  

მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, კვლავ აწყდება უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებს და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ბოლო სამი ათწლეულის ომისა და კონფლიქტის დამაუნგრეველი შედეგები. დღევანდელი დისკუსიის ცენტრში არიან ჩვენი ბავშვები — კონფლიქტის უდანაშაულო მსხვერპლნი, რომლებსაც ეს გზა არ აურჩევიათ. მათი უფლებები დაცული უნდა იყოს, მათი ღირსება — უპირობოდ შენარჩუნებული, ხოლო მათი მომავალი — უზრუნველყოფილი.
 

ეს მოითხოვს არა მხოლოდ მათ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვას, არამედ მათ ფსიქოსოციალურ კეთილდღეობასაც, რათა შეძლონ ძალების აღდგენა და განვითარება კონფლიქტების ზეგავლენის მიუხედავად. ეს არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც ცალკეულ ქვეყნებს შეიძლება დაეკისროთ — ეს თითოეული ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა. საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტით არ სრულდება. ის მოქმედებს თაობებზე და ხანგრძლივი დროით განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრებას. და, ეს არ არის უბრალოდ ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ფურცელი, -  თქვა ბოჭორიშვილმა.