პროკურორის რებუსებზე მეცინება, დევნილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების გზა ლეგალურია - ადვოკატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას, თქმით, სამშობლოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების გზა ლეგალურია.
ადვოკატი ამ კომენტარით, საააკშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის, განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში წინა ხელისუფლების ძალოვანი ორგანოს მაღალჩინოსანი ეხმარებოდა".
მესამე პრეზიდენტი იყო ქართული ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დევნილი. სამშობლოში მისი დაბრუნების ნებისმიერი გზა არის ლეგალური. მე მეღიმება, ასე რებუსებით რომ საუბრობს პროკურორი, პირდაპირ არის მოხსენიებული კონკრეტული სახელები და გვარები საქმეში და ისე უნდათ წარმოადგინონ, რომ რაღაც ექსკლუზივი აქვთ და მოდი დავუტოვოთ ეს ექსკლუზივი, თავად ისაუბრონ"- აცხადებს ბექა ბასილაია.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 12:00 საათიდან მიმდინარეობს. პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მესამე პრეზიდენტი არ ესწრება.