“კობახიძე მავნებელია“ - ოპოზიცია “ოცნების“ ლიდერის დუბლინში გაკეთებულ განცხადებებზე
“ეს არის მავნებლობა“ - ასე აფასებს ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გზავნილებს, რომელიც მან დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კობახიძე “ვნებს ქართულ ეროვნულ ინტერესს, როდესაც დგება და ხელაღებით საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი“.
ეს არის ყველა ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკის და დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა, როცა შენი ქვეყნის შიდან პოლიტიკა გაგაქვს გარეთ და პარტნიორებთან საუბრისას იწყებს შიდა პარტიულ პოლიტიკური ნარატივებით საუბარს. შენ ან ხარ სულელი, ან მავნებელი. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ კობახიძე არ არის სულელი, ამიტომაც ლოგიკური დასკვნა, ის არის მავნებელი. ის ვნებს ქართულ ეროვნულ ინტერესს, როდესაც დგება და ხელაღებით საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ დღევანდელი დე ფაქტო პრემიერ მინისტრი ისევ, მორიგ ჯერზე, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
“რუსეთიდან მიღებულ დავალებას“ უკავშირებს კობახიძის ომთან დაკავშირებულ განცხადებებს ანა წითლიძე. ენმ - ის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ “ოცნება“ ამას მათი გადარჩენის ერთადერთი გზად მიიჩნევს.
ომთან დაკავშირებით მათ აქვთ ძალიან მკაფიო დავალება მიღებული რუსეთიდან, და ამ დავალებას ასრულებენ ისინი, როდესაც აბრალებენ საქართველოს ომის დაწყებას. აი, ამის ფონზე, საერთაშორიოს ტრიბუნასაც კი, რომელსაც უნდა იყენებდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და ამ ქვეყნის უსაფრთხოება გააუმჯობესოს, იყენებს იმისთვის, რომ ისევ რაღაც გლობალური ომის პარტიაზე ილაპარაკოს, ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვიროს ხელი, და ისევ გამოგონილ მითებზე ისაუბროს, რაც ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება. “ოცნება“ ამას უყურებს, რომ ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა, - ამბობს წითლიძე.
დუბლინში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იწყება. 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი უკვე ირლანდიაშია. სამიტში მონაწილეობას იღებს ირაკლი კობახიძეც, რომელმაც გუშინ ისევ გლობალურ ომის პარტიაზე, ქვეყნის ომში ჩათრევაზე და აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების ბრალეულობაზე ილაპარაკა.