პრესსამსახური: კობახიძე EPC-ის სამიტზე მონაწილეობს, ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს

12.11.26 17:55
პრესსამსახური: კობახიძე  EPC-ის სამიტზე მონაწილეობს, ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს.

მთავარობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. კონფერენცია ირლანდიის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას გამოსვლებით გაიხსნა.

„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე ვიყენებთ ხოლმე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები. საქართველოს აქვს საკვანძო როლი დაკავშირებადობის კუთხით, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა გზები აღმოსავლეთის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებულია ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ადმინისტრაციის ცნობით: სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

EPC-ის რიგით მე-9 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.