„ქართველი ხალხი ევროკავშირში ყოფნას იმსახურებს, გააგრძელეთ ბრძოლა დემოკრატიისთვის“ - მაია სანდუ
ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას იმსახურებს და დემოკრატიისთვის ბრძოლა, არსებული სირთულეების მიუხედავად, უნდა გააგრძელოს - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ „ევროსკოპთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სანდუმ საქართველოს მოქალაქეებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის სჯერა. მისი თქმით, როდესაც საქართველო ევროკავშირისკენ სვლას მტკიცედ განაახლებს, ევროინტეგრაციის მიზანიც მიღწევადი გახდება.
ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირში. ქართველი ხალხი იბრძვის თავისი დემოკრატიისთვის და ჩემი რჩევაა, გააგრძელოთ დემოკრატიის რწმენა, რაც არ უნდა რთული იყოს ეს; მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს, შეინარჩუნეთ იმ ადამიანების ერთიანობა, ვისაც სჯერა დემოკრატიის, სჯერა მშვიდობის — ევროკავშირიც ხომ მშვიდობის პროექტია. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს, როდესაც საქართველო კვლავ მტკიცედ განაახლებს სვლას ევროკავშირისკენ, ევროინტეგრაციაც დადგება, - განაცხდაა მაია სანდუმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ნოემბერს ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონთაშორისი დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მეორე მინისტერიალში.
ამას გარდა, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ, სახელწოდებით "უფრო ფართო ევროპა — უფრო ძლიერი ევროპა". ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიწვეული არ არიან