გიორგი გახარია საგანგებო მიმართვას ავრცელებს
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება და ევროპელ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ყოფილი პრემიერი „ქართულ ოცნებას“ სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების ნგრევასა და არაღიარების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს.
გახარიას თქმით, მაშინ, როდესაც მოქმედი ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას ანგრევს და ქვეყანას 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებს, საქართველოს ნამდვილი მოკავშირეები კვლავ იცავენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
განცხადებაში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ასევე ეხმაურება მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესსაც, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად, საოკუპაციო ხაზთან საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას უკავშირდება.
"მაშინ, როცა ქართული ოცნების რეჟიმი აქტიურად ანგრევს ურთიერთობებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, საკუთარი ხელით უთხრის ძირს არაღიარების პოლიტიკას, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში და მე როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს მასამართლებს მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გამო, საქართველოს ნამდვილი პარტნიორები კვლავ მტკიცედ დგანან ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე.
მივესალმები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მკაფიო განცხადებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სირიასთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება უნდა მოიცავდეს მკაცრ პირობებს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას.
მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის მაშინაც კი, როდესაც მმართველი რეჟიმი მათ წინააღმდეგ მუშაობს", -წერს გახარია.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირსა და სირიას შორის შეთანხმების განახლების პროცესში ერთ-ერთი საკითხი საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება იქნება. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოითხოვეს, რომ ახალ შეთანხმებაში მკაფიოდ განისაზღვროს სირიის ვალდებულება, არ აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც ასადის რეჟიმის დროს აღიარა.