საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – GDI-ის ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესდა – ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშში ხაზგასმულია რომ მმართველ პარტიას მითვისებული აქვს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები, როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია.
ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაუარესებას საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება". – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას, GDI - ის შეფასებით, 2021 წელს კვლავ არ იყო სათანადოდ დაცული არც პრაქტიკაში და არც საკანონმდებლო დონეზე. კერძოდ, 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ, ან ვერ დაიცვა ლგბტ+ თემის წევრები და მხარდამჭერები სიძულვილის ჯგუფებისაგან, რომლებმაც ძალადობრივად ჩაშალეს თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარში.
სახელმწიფო აგრძელებს თავისი ვალდებულების უგულებელყოფას და არ უზრუნველყოფს ლგბტ+ თემის მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას მშვიდობიან გარემოში. თუკი სექსუალური უმცირესობის შემთხვევაში ხელისუფლება არ (ან ვერ) ახდენს შეკრების თავისუფლების დარღვევის პრევენციას, იგი თავად ლახავს სამოქალაქო აქტივისტებისა და დემონსტრანტების შეკრების თავისუფლებას. კერძოდ, 2021 წელს გაძლიერდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესია, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებითა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით", – წერია ანგარიშში.
ამასთან, GDI მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არათუ არ ახდენს ჟურნალისტებზე ძალადობის პრევენციას, აღკვეთასა და სათანადოდ დასჯას, არამედ თავად ახალისებს აგრესიას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით.
ანგარიშში მოხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ დოკუმენტებსა და უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროკურატურამ და სასამართლომ მიყურადების მსხვერპლებს არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, ხელისუფლებას არ ჰქონია სათანადო რეაქცია პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლების შელახვის შემთხვევებზე.
რაც შეეხევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი სერიოზული დარღვევა, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნებისათვის სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი გარემოს არსებობა და შეასუსტეს საბოლოო შედეგის მიმართ ნდობა".
ანგარიშში ხაზგასმულია უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაცია და ტოლერანტობის დაბალი ხარისხი. მათივე შეფასებით, აღნიშნული საკითხი 2021 წლისთვის მწვავე გამოწვევად რჩება.
ამასთან, GDI მიიჩნევს, რომ პანდემიის მართვის პროცესში ხელისუფლებამ სხვადასხვა სახით გამოიჩინა შერჩევითი სამართლიანობა.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ასევე თვლის, რომ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმების გატარების გარეშე გაგრძელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ასევე არ შეჩერებულა თავად საბჭოს წევრების არჩევა. შედეგად, თანამდებობებზე დაინიშნნენ ისეთი პირები, რომელთა კომპეტენცია, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა საეჭვოა ე.წ. კლანთან, ანუ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მათი კავშირის გამო.
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში არ არის გასაკვირი, რომ 2021 წელსაც მიმდინარეობდა პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება. 2021 წლის 23 თებერვალს, სასამართლოს მიერ გირაოს შეცვლის შემდეგ, სამართალდამცავები შეიჭრნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში და პარტიის ლიდერი, ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებამ გამოიწვია უმწვავესი კრიტიკა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე და კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი. ანალოგიურად, პოლიტიკურად მოტივირებული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე. კერძოდ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამართლებელი განაჩენების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო. თავდაცვის სამინისტრომ ამის შემდეგ, კეზერაშვილის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, რაც სამოქალაქო სექტორმა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად მიიჩნია. გარდა ამისა, პოლიტიკურად მოტივირებულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები და პატიმრობა"- წერია ანგარიშში.
ანგარიშშის თანახმად, 2021 წელს სერიოზული პრობლემა იყო საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა, რადგან პანსიონში ფიქსირდებოდა არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები.
GDI-ის ანგარიში სრულად წაიკითხეთ აქ.