თქვენ გადადიხართ უკვე პოლიტიკურში - ნადარაიამ გორდულაძეს შენიშვნა მისცა
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება, პროცესი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა მმართველი გუნდის წევრს, არჩილ გორდულაძეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი სამხედროების საიდუმლო მონაცემების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის ფაქტზე მოსთხოვა პასუხი.
ბეჟაშვილი დაინტერესდა, ჩატარდა თუ არა გამოძიება ამ ცნობილ ფაქტთან დაკავშირებით და რა შედეგი დადო უწყებამ.
„ბატონმა არჩილმა ბრძანა, რომ ჯარისკაცების სტატუსი და მდგომარეობა გვაღელვებს და ა.შ. იყო თუ არა თქვენი ხელისუფლების პირობებში დანაშაულებრივი ფაქტი, როდესაც ქართველი სამხედროების, რომლებიც 2008 წლის სამხედრო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, მათ შესახებ საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა და გადაეცა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, ეს ცნობილი ფაქტია, გამოიძიეთ თუ არა ეს საქმე და რა დაადგინეთ გამოძიების შედეგად?“ - მიმართა ლევან ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კითხვამ არჩილ გორდულაძის უკმაყოფილება გამოიწვია. მან შეკითხვას "არარელევანტური" უწოდა და წინა ხელისუფლებაზე საუბარს დაუთმო დრო:
ეს კითხვა უბრალოდ, არარელევანტურია. ასე გიპასუხებთ, ბატონო ლევან - როდესაც აგვისტოს ომის მონაწილეს ქვეყანაში აწამებენ, ესვრიან, ამ საქმეს არ გამოიძიებენ, აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცზე მაქვს საუბარი, მერე ამ საქმეში მონაწილე პირს მიხეილ სააკაშვილი ძმურ სიყვარულს გამოუცხადებს - აი, ამ ძალის წარმომადგენლისგან, ჩემი აზრით, ეს კითხვა უბრალოდ, არარელევანტურია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადებებს სხდომის თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას მხრიდან შენიშვნა მოყვა.
მოსამართლემ გორდულაძეს მოუწოდა, პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შეეკავებინა და პროცესუალური ნორმები დაეცვა.
თუ ფიქრობთ, რომ არარელევანტურია და საქმეს არ შეეხება, დააყენეთ ჩვეულებრივ პროტესტი, რომ არ შეეხება საქმეს, ზედმეტი, ასეთი ტიპის შესავლის გარეშე. ეს უკვე პოლიტიკურში გადადიხართ, თქვენ გადადიხართ უკვე პოლიტიკურში“, - მიმართა რევაზ ნადარაიამ გორდულაძეს.