გორდულაძე ანა წითლიძეს სიტყვა „პროპაგანდისტის“ გამო დაუპირისპირდა

19.11.26 20:39
 გორდულაძე ანა წითლიძეს სიტყვა „პროპაგანდისტის“ გამო დაუპირისპირდა

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მმართველი გუნდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის კამათი კიდევ ერთ თემაზე წარიმართა - დაპირისპირების მიზეზი ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოკითხული პირების სანდოობაზე დასმული კითხვა გახდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ანი წითლიძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხული 139 პირიდან 80 „ქართული ოცნების“ წევრი, პროპაგანდისტი ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანია. წითლიძემ ამ კონტექსტში რეჟისორი გოგა ხაინდრავა დაასახელა.

  •  წითლიძემ განაცხადა, რომ „წულუკიანის კომისიის“ სახელით ცნობილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხული 139 პირიდან 80 არის: „ქართული ოცნების“ წევრი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი ან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანი“.

საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები კატეგორიულად მიუღებელია.

„კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია, როგორიც არის პროპაგანდისტი და აღარ გავაგრძელებ... კატეგორიულად მიუღებელია... ამ 139 ადამიანში, ალბათ, ქალბატონ ანას გამორჩა, მაგალითად, სოსო რობაქიძე, ია მეტრეველი... აი, ამ ადამიანების მიმართ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მიკერძოებულები არიან, ამ ყველაფრის უკან დგას არაერთი გამამტყუნებელი განაჩენები ეროვნული სასამართლოების და მთელ რიგ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“ - თქვა გორდულაძემ. 

გორდულაძის ამ განცხადების შემდეგ, ანა წითლიძემ განმარტა, რომ მას თავის გამოსვლაში სოსო რობაქიძესა და ია მეტრეველზე საერთოდ არ უსაუბრია.

მსგავსი სიახლეები