"პირველების" ინფორმაციით, ლორთქიფანიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცომაიას ჩვენება დევს

10.12.21 15:36
"პირველების" ინფორმაციით, ლორთქიფანიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცომაიას ჩვენება დევს

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდებულ ელგუჯა ცომაიასთან საუბარი საპროცესო გარიგებაზე მიმდინარეობს.

სწორედ ტრაილერის მძღოლის ჩვენება შესაძლოა გამხდარიყო ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ლორთქიფანიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცომაიას ჩვენება დევს. 

ცომაია არის პირი, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით, „SCANIA“-ს მარკის ტრაილერით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოიყვანა.

ერთ-ერთი ვერსით, სწორედ ელგუჯა ცომაიას კუთვნილი მობილურიდან არის ამოღებული ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მთავარმა საგამოძიებო ორგანომ დღეს, საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა. 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატებს საქმის მასალებთან წვდომა ამ დრომდე არ აქვთ, თუმცა უფლებადამცველები უკრაინაში მყოფ ლორთქიფანიძეს ესაუბრნენ, რომელმაც ცომაიასთან კონტაქტი ვერ გაიხსენა: 

მე რომ ვკითხე იცნობს თუ არა ან ახსენდება თუ არა ელგუჯა ცომაია, მან განაცხადა რომ უამრავ ქართველს იცნობს. უამრავთან ჰქონია კომუნიკაცია და ასე აღდგენა ვინ არის ელგუჯა ცომაია გაუჭირდა. 

ეს "ვოის მესიჯი" როდის არის გაგზავნილი არ ვიცი. მე ცომაიას ჩვენებაც არ ვიცი"- აცხადებს ადვოკატი გელხაური. 

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ლორთქიფანძემ შეიმუშავა.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

 

მსგავსი სიახლეები