მოსამართლე ნადარაიამ ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებული კითხვა მოხსნა
„ემიჯნებით თუ არა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა მოძებნოს საკუთარ თავში ძალა და უნდა მოუხადოს ბოდიში იმ ადამიანების მიმართ, ვინც რაც ჩაიდინეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვიცით“, - აღნიშნული კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა მოსარჩელე მხარეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ კითხვაზე პროტესტი გამოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ კითხვა პოლიტიკურად შეაფასა და მოხსნა.
"შეკითხვა არის მოხსნილი! ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ!" - უთხრა რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს.
ზაზა ბიბილაშვილი: ეს არის ძალადობის გამომწვევი, როცა ამას გეტყვიან და შენ აღშფროთებული დგახარ ქუჩაში და მერე გეტყვიან რატომ გამოხვედიო.
რევაზ ნადარაია: ამ შეკითხვამ დიდი დრო რომ არ დაგვაკარგვინოს, ეს შეკითხვა არის მოხსნილი. კარგად დაიწყეთ დღევანდელი სხდომა, ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ. ჩვენ ჩვენს შეფასებებს გავაკეთებთ და ნუ ერევით, რა შეფასებას გააკეთებს სასამართლო. კითხვა მოხსნილია. მოპასუხე მხარეს მოვუწოდებ, რომ კითხვა - პასუხის რეჟიმი გამოიყენოს გონივრულად, რაციონალურად საქმის განხილვის მიზნებიდან გამომდინარე. პოლიტიკური განცხადებები, შეკითხვები, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არ არის და იმ ტიპის შეკითხვები, რაც პოლიტიკოსებმა შეგიძლიათ ერთმანეთს გარეთ ნებისმიერ ფორმატში დაუსვათ, ამ პოლიტიკურ შეკითხვებს აქ ნუ დასვამთ. ნუ დაკარგავთ დროს, თორემ ეს დრო შემდგომში თქვენ შეგეზღუდებათ“, - განაცხადა ნადარაიამ.