"არის თუ არა ანტიკონსტიტუციური ფრაზა: „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“? - წითლიძის ეს კითხვა მოსამართლე ნადარაიამ მოხსნა
„ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე, მინდა ვიკითხო -არის თუ არა შემდეგი ფრაზა „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს“ კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული და ანტიკონსტიტუციური ფრაზა“ - აღნიშნული კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ანი წითლიძემ დასვა.
სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან დასმული შეკითხვა პოლიტიკურად შეაფასა და პროცესიდან მოხნა, მხარეებს კი მოუწოდა, რომ „ასეთი ტიპის დებატებისთვის სხვა ადგილი მოეძებნათ“.
სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ანა წითლიძის შეკითხვის მოხსნის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომდგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა მოსარჩელე მხარისაგან მათ მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი მტკიცებულების შესახებ მსჯელობა და განმარტება მოითხოვა.
ბეჟაშვილის ამ მოთხოვნას კი მოსარჩელე მხარის მხრიდან გიორგი კახიანი გამოეხმაურა:
რევაზ ნადარაია: ისევ ამოვვარდით საქმიანი რეჟიმიდან, თუ თქვენ რაიმე ტიპის შეკითხვები გაქვთ, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსები ბრძანდებით და ერთმანეთთან ბევრი შეკითხვები შეიძლება გქონდეთ. სასამართლო სხდომის დარბაზს ასეთი ტიპის შეკითხვების ერთმანეთთან დასასმელად ვერ გამოგაყენებინებთ. ამისთვის გნებავთ ერთმანეთს ტელევიზიებში შეხვდით ან სხვადასხვა პოდკასტებში და ათასი საშუალებაა თანამედროვე ცხოვრებაში. ასეთი ტიპის დებატებისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ. ეს შეკითხვა მოხსნილია, სარჩელში ასეთი ტიპის განცხადებების, კონკრეტული განცხადების საფუძველი არ არის!
ანი წითლიძე: ადამიანების მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ამ სიტყვების გამო და ამიტომაც ლოგიკური იქნებოდა, რომ გვეკითხა“, - განაცხადა წითლიძემ
რევაზ ნადარაია: ქალბატონო ანა, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ამ ფრაზის გამო თუ სხვა ფრაზების გამო არის, ახლა კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს, რომლებზეც გამოძიება ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს აქ ამ საქმეებში გამოთქმულ ფრაზებს და ამ საქმეში გამოყენებულ ტერმინებს სასამართლო ვერ შეაფასებს. ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობისა და უსაფუძვლობის შეფასება არ არის.
ლევან ბეჟაშვილი: მტკიცებულების სახით რომ გაჟღერდა ამ ტრიბუნიდან ერთ-ერთი კონკრეტული ბრალდება სარჩელიდან გამომდინარე მხარემ წარმოადგინა აქ ბატონი გვარამიას განცხადება, "ლინკი" დადო და წაიკითხა, რომ; „ოლიგარქია უნდა დაემხოს“ და ეს არის მტკიცებულება, რომ პარტიებს ჰქონდათ განზრახვაო. ამ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ განმარტებას, მიეცით სამართლებრივი კვალიფიკაცია, თქვენივე წარმოდგენილი მტკიცებულება დაასაბუთეთ, საკითხზე იმსჯელეთ და დაგვარწმუნეთ ჩვენც და სასამართლოც, რომ ეს პოლიტიკური შეფასება და განცხადება სამართლებრივ კონტექსტს გულისხმობს.
გიორგი კახიანი: მე არ მეგონა, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხებს სჭირდებოდა განმარტება. ნებისმიერი განმარტება თუ მოწოდება, რომელიც კეთდება, რაღაც კონკრეტული კონტექსტიდან ამოღებული წინადადებად არ უნდა განვიხილოთ. ამა თუ იმ განცხადებასა და მოწოდებას შეიძლება მივანიჭოთ, მათ შორის, კონსტიტუციური სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი რა დროში კეთდება ესა თუ ის განცხადება, როგორია საზოგადოებაში ამ განცხადების აღქმა, რომ ყველაფერი ეს მთლიანობაში აღებული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა განვიცილოთ, კონკრეტული განცხადება თუ მოწოდება და არა როგორც ცალკეული აღებული წინადადება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები და ეს არის ამის შემადგენელი.
ბატონი გვარამიას განცხადებაზე იყო აქ საუბარი და რა თქმა უნდა, ეს განცხადება ცალკე აღებულად განხილული არ არის. როდესაც ჩვენ ესა თუ ის განცხადება გავასაჯაროვეთ იქ საუბარი იყო რა კონტექსტი, წინაპირობები და რა პროცესების შემდგომ კეთდებოდა ესა თუ ის განცხადებები. ასეთ კონტექსტში უნდა იყოს ყველა განცხადება განხილული.