ჩხრეკა ბინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
ბინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკვეს, განმეორებითი ჩხრეკა ჩატარდა - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ სახლიდან, საიდანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აიყვანეს, სპეოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ადგილიდან დამატებითი ნივთები ამოიღეს, მათ შორის ბოთლები, რომელიც დაკავების დროს მაგიდაზე იდო.
არსებული ინფორმაციით, პოლიცია ჭურჭელზე თითის ანაბეჭდებს ეძებს, კიდევ ვინმე თუ იყო მისული სააკაშვილთან კონსპირაციულ ბინაში.
ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ბრალდებული ცომაიას ოჯახის წევრები უკვე დაბრუნდნენ. დაკავებულის ახლობლები სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ადასტურებენ, თუმცა არ პასუხობენ "ტვ პირველის" კითხვას, უფორმებენ თუ არა ელგუჯა ცომაიას საპროცესო შეთანხმებას.
დაკავებულის შვილი, ირაკლი ცომაია, არ პასუხობს კითხვას, რატომ შეცვალა ოჯახმა ადვოკატი და რა ჩვენება მისცა დაკავებულმა გამოძიებას.
სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულ ცომაიას ორი თვეა, პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ცომაია დაეხმარა სააკაშვილს საქართველოში შემოსვლაში და ექსპრეზიდენტს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული ბინა.
"პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის, წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცომაიას ჩვენება დევს.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ლორთქიფანიძემ შეიმუშავა.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ლორთქიფანიძე 2021 წლის აპრილში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას შეხვდა და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, რომ მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.