ზახაროვას მინსკში ზურაბაშვილისა და გალუზინის შეხვედრასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს

20.11.26 17:18
ზახაროვას მინსკში ზურაბაშვილისა და გალუზინის შეხვედრასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მინსკში გამართულ რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო მედია BELTA იუწყება, ზახაროვამ მოლაპარაკებები “რუსულ-ქართული პირდაპირი დიალოგის განახლებად” შეაფასა.

„19 ნოემბერს მინსკში გაიმართა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილს შორის.

შედგა საფუძვლიანი აზრთა გაცვლა ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში; მიღწეულია რიგი პრაქტიკული შეთანხმებები და, რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა ადამიანებს შორის კონტაქტების განმტკიცების მნიშვნელობას“ – აღნიშნა ზახაროვამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ეს ფორმატი “რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება”

“რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მიუმართავს“- აღნიშნა მარია ზახაროვამ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი  გიორგი ზურაბაშვილი და  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს მინსკში გუშინ შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. 

ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, მხარეებმა ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.

მსგავსი სიახლეები