ზაზა ლომინაძე: "საქართველოში სუროგაციის გზით 2012 წლიდან დღემდე 13 100 ბავშვი დაიბადა"

24.11.26 16:24
ზაზა ლომინაძე: "საქართველოში სუროგაციის გზით 2012 წლიდან დღემდე 13 100 ბავშვი დაიბადა"

საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე მხარს უჭერს. დეპუტატი აკრძალვის აუცილებლობას ეთიკური, სამართლებრივი და რელიგიური არგუმენტებით ხსნის და ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკებზე საუბრობს.

"ჩვენი ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და დასაყრდენი უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი ჩვენთვის.

ჩვენ ვთვლით, რომ მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები, დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს," — განაცხადა ლომინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სუროგაციის მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა. მის მიერ დასახელებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ მომსახურებით ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ, ხოლო 2012 წლიდან დღემდე სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ შევეხო სტატისტიკურ მონაცემებს და საქართველოში სუროგაციის კანონი 1997 წელს იყო პირველად მიღებული და პირველი ბავშვი 2007 წელს დაიბადა. დღეს ამ მომსახურების მიმწოდებელი საქართველოში არსებობს 26 დაწესებულება და უმეტესწილად მომსარგებლეები არ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მხოლოდ რამოდენიმე პროცენტს შეადგენენ, ყველა დანარჩენი არის არასაქართველოს მოქალაქე.

სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს დაახლოებით 13 100 ბავშვს. ასევე საყურადღებოა, რომ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რომელიც 2019 წელს შეადგენდა მხოლოდ 400-მდე ბავშვს, უკვე წელს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი თითქმის 3 000-ს უახლოვდება," — განაცხადა ლომინაძემ.

დეპუტატმა აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე მშობლების მიერ უარის თქმის შემთხვევებიც დაასახელა. მისი ინფორმაციით, ამჟამად სახელმწიფო ზრუნვაში 18 ასეთი ბავშვი იმყოფება.

"სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგთან და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია ასევე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი, ანუ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი, უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. სადღეისოდ, დღეს, სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი," — განაცხადა ლომინაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გეგმაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები