კრიშტოფ ბრეიზა: ამ რეზოლუციით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შედეგები მოჰყვება

25.11.26 11:27
კრიშტოფ ბრეიზა: ამ რეზოლუციით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებს შედეგები მოჰყვება

ევროპარლამენტარ კრიშტოფ ბრეიზას განცხადებით, საქართველოს შესახებ რეზოლუცია „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიო გზავნილია, რომ მის ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება. ევროპარლამენტარის თქმით, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მუშაობს როგორც რეზოლუციის ტექსტის გამკაცრებაზე, ისე უფრო სწრაფი და ეფექტიანი ზომების მიღებაზე.

ბრეიზა კიდევ ერთხელ მოითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას. 

ამ რეზოლუციით ჩვენ ევროპარლამენტიდან ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ "ქართული ოცნების" ქმედებებს შედეგები მოჰყვება. "ქართული ოცნების" ლიდერებს შეუძლიათ, გააგრძელონ დეზინფორმაციის გავრცელება და რეალობის საკუთარი ვერსიის წარმოჩენა, მაგრამ ეს ფაქტებს ვერ შეცვლის. ევროპისა სახალხო პარტიის ჯგუფმა მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ტექსტი რაც შეიძლება მკაცრი ყოფილიყო და ასევე სხვა არხებითაც ვმუშაობთ, რათა უფრო სწრაფ და ეფექტიან ზომებს მივაღწიოთ.

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და საქართველოში მყოფი ყველა პოლიტპატიმარი, - ამბობს კრიშტოფ ბრეიზა. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები პაატა ბურჭულაძის საქმეს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. პროექტებში მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ ფინანსური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესება. ევროპარლამენტში დებატები დღეს, 25 ნოემბერს გაიმართება, კენჭისყრა კი 26 ნოემბერს არის დაგეგმილი. 

მსგავსი სიახლეები