ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის და "ოცნების" ლიდერების დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ზურაბაშვილმა ჰერჩინსკისგან განმარტებები მოითხოვა
2026 წლის 26 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, "შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს".
მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.
შეხვედრისას, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას"- წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
- ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.
მსგავსი სიახლეები
მაღაროელების საქმე - პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახთან შსს-ს წარმომადგენელი ნამდვილად გაგზავნა
პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს