ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა - კატერინა დემეტრაშვილის მიმართვა ქართველებს
ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრი, კატერინა დემეტრაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ორი წელია ევროპული მომავლისთვის იბრძვის, აუცილებლად გაიმარჯვებს.
დემეტრაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ჩეხეთის ისტორიასა და 1989 წლის ნოემბრის პროტესტს ადარებს. მისი თქმით, ჩეხეთში კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც მოსკოვი ქვეყნის მომავალს წყვეტს, და აღნიშნავს, რომ პრაღის სტუდენტების მსგავსად, ქართველი მოქალაქეებიც მიაღწევენ მიზანს.
„ძვირფასო ქართველებო, უკვე ორი წელია, რაც რუსთაველის გამზირზე დგახართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ქვეშ, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში — ევროპულით. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ გხედავთ. ჩეხეთში გვახსოვს, რას ნიშნავს, როდესაც მოსკოვი წყვეტს თქვენს მომავალს. და გვახსოვს 1989 წლის ნოემბერი, როდესაც პრაღაში სტუდენტები ქუჩებში გამოვიდნენ და სახლში წასვლაზე უარი თქვეს. მათ გაიმარჯვეს - და თქვენც გაიმარჯვებთ. თქვენ ხართ ჟურნალისტები, პოეტები და ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის ჩასვეს ციხეში. ახლა კი რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაც სურს. მაგრამ ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა“, - აცხადებს დემეტრაშვილი.
ჩეხი პარლამენტარის განმარტებით, ჩეხეთის პარლამენტში „თავისუფალი საქართველოს მეგობრების ჯგუფი“ დააარსა.
იგი აღნიშნავს, რომ ისინი სანქციების დაწესებასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ, ასევე ამხელენ „ქართული ოცნების“ მცდელობებს, ფეხი მოიკიდოს ჩეხეთის რესპუბლიკაში.
„არ დანებდეთ, მარტო არ ხართ. ყველაფერი კარგად იქნება“, - მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს კატერინა დემეტრაშვილი.