არჩევნების მეორე ტურის დარღვევებს შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა - ISFED-ის ანგარიში
არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა. ამის შესახებ ISFED-ის ანგარიშშია აღნიშნულია. ISFED-მა 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში დღეს წარადგინა.
ანარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას. საარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ.
ორივე ტურზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა აღრიცხვის, ორგანიზებულად მიყვანის, სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და კენჭისყრისას დაფიქსირებული სხვა დარღვევები, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობაზე.
არჩევნების წინ განხორციელებული საარჩევნო რეფორმის პირობებში გაუმჯობესდა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა. ცვლილებების შედეგად ამოქმედდა საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების დანიშვნის უფრო სამართლიანი, პარიტეტზე დაფუძნებული, წესი. თუმცა, პრაქტიკაში, საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევაზე კვლავ შენარჩუნდა მმართველი პარტიის გავლენა.
წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ სამქინობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.
განსაკუთრებით პრობლემური იყო ჟურნალისტებისთვის, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რასაც ახალისებდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტირებელი განცხადებები.
ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიების სახეს ატარებდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებელთა მიმართ მკაცრი სანქციების გამოყენება, ასევე, მედიამენეჯერებისა და მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დავები, რაც შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს", - წერია ანგარიშში.