მიხეილ სააკაშვილს იუბილესთან დაკავშირებით გორის ჰოსპიტალის თანამშრომლებმა ტორტი გამოუცხვეს
მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლებმა ტორტი გამოუცხვეს და მიართვეს - ინფორმაციას ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ავრცელებს. უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იუბილე მოულოცა და იმ პირებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს დღეს რუსთაველის გამზირზე გასამართ აქციაში.
სურს, მადლობა გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლებმაც მიულოცეს დაბადების დღე გუშინ ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალთან. ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს მონაწილეობას მიიღებს რუსთაველის გამზირზე გასამართ საპროტესტო აქციაში.
ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი არ იშურებს ძალისხმევას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ასევე მას სურს, რომ მადლობა გადაუხადოს ჰოსპიტალის პერსონალს, რომელმაც მოამზადა დაბადების დღის ტორტი მისთვის - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
უფლებადამცველის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ არის გარკვეული, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომას, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეა ჩანიშნული. პროცესი 12 საათზე დაიწყება.