939 ახალი ავტომობილი და 79 მილიონი ბიუჯეტიდან - ხელისუფლება ჩინოვნიკებისთვის მანქანებს ყიდულობს
939 ახალი მანქანა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი 79 000 000 ლარი უახლესი მოდელის ავტომობილებისთვის - არჩევნებიდან მალევე, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ახალი მანქანების შეძენა დაიწყო.
ოპოზიციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში ქართულმა ოცნებამ ჩინოვნიკებისთვის 2000 -ზე მეტი ავტყმობილი იყიდა, ბიუჯეტიდან კი 170 მილიონი ლარი დაიხარჯა:
მხოლოდ არჩევნების შემდგომ, დაახლოებით 80 000 000 ლარის 939 ავტომობილის შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. აქიდან 825 ავტომობილი არ არის ოპერატიული დანიშნულების. მთლიანად პანდემიის პირობებში, 2020 წლის პირველი მარტიდან 170 მილიონი ლარი აქვს ხელისუფლებას დახარჯული. ეს ნათლად მიგვანიშნებს, რა არის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი - მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კომფორტი და შესაძლო ატკატები, რასაც ამ ტენდერებიდან იღებენ. შეძენილი ავტომობილებით, სუს-ი და შსს სარგებლობს და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნისა და თვალთვალისთვის"- აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე.
კორუფციის მკვლევარის, ბესიკ დონაძის, შეფასებით ხელისუფლება ავტომანიით არის შეპყრობილი და ჩინოვნიკები ერთმანეთის ნაჯდომ მანქანებში არ ჯდებიან.
მისი თქმით, უცნობია სად მიდის ახალი ავტომობილებით ჩანაცვლებული მანქანები.
თანხა შთამბეჭდავია - ახლანდელი მონაცემებით 27 000 000 ლარის ახალი ავტომობილები უნდა შეიძინონ. ეს ხელისუფლება ავტომანიითაა შეპყრობილი - თითქმის ყოველ წელს ახლდება ავტოპარკი, თუმცა უცნობია, სად მიდის ძველი ავტომობილები"- თქვა მან.
ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ავტომანია არ სჭირთ და ახალ-ახალი მანქანების მუდმივად შეძენა აუცილებლობით არის ნაკარნახევი.