ერთი ძალის ორი განშტოება, რადიკალები და მოღალატეები - ოცნება გახარიას ენმ-სთან ალიანსში ადანაშაულებს

23.12.21 15:04
ერთი ძალის ორი განშტოება, რადიკალები და მოღალატეები - ოცნება გახარიას ენმ-სთან ალიანსში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მის პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში ადანაშაულებს. 

სოზარ სუბარმა ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ ენმ-სა და "საქართველოსთვის" თანამშრომლობა ოფიციალურად დადასტურდა. 

მისივე თქმით, გიორგი გახარია, "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს. 

დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია. მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს მტკნარი სიცრუე იყო, რაც დღეს ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა, ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა"- თქვა სუბარმა.

მისი მტკიცებით, აღნიშნული ძალები სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეეცდებიან, "მსგავსი ალიანსი შექმნან": 

ეს არის მათი კოალიციის პირველი პრეცენდენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია,  სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ. დადასტურდა ისიც, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას შეეცდებიან. თუმცა ვარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ეს მცდელობები კრახისთვისაა განწირული"- თქვა სუბარმა.  

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია, არჩიეს. 

მსგავსი სიახლეები