ჩემი შვილი უკან დამიბრუნეთ! - ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სოფელ აძვიდან ადგილობრივები იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ისინი სალოცავად ტაძარში მიდიოდნენ. გატაცება 22 დეკემბერს მოხდა, თუმცა ინფორმაცია სახელმწიფო უსართხოების სამსახურმა მხოლოდ დღეს გაასაჯაროვა.
გატაცებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, საქართველოს მოქალაქეების გამოხსნა ცხინვალის იზოლიატორიდან დროულად მოხდეს.
შუადღეზე გავიდა სახლიდან და არ შემოსულა. ამ სოფელში ბიჭებთან იყო, საიდან მოხდა გატაცება, არ ვიცი. ბიჭები იძახიან, წმინდა გიორგის ეკლესიიდანო, ეგ ეკლესია ადრე ჩვენ გვეკუთვნოდა, ახლა რუსებისაა. ახლა ოთხივე გატაცებული ცხინვალშია. ჩემი შვილი უკან დამიბრუნეთ, სხვას არაფერს ვთხოვ მთავრობას. - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის დედა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ აძვში ახალგაზრდები ქეიფობდნენ, შემდეგ კი ეკლესიაში მოსალოცად წავიდნენ. ეს ეკლესია იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც რუსები აკონტროლებენ.
,,პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ პატრულირება გაანახევრა, სწორედ ამის გამო გააქტიურდნენ რუსი ოკუპანტები. ამ დროისთვის ცხინვალის იზოლიატორში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის, ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძეც.