"გათავისუფლდით გიორგი გახარიას კომპლექსისგან" - ექსპრემიერის პარტია "ოცნებას" პასუხობს
"გათავისუფლდით გიორგი გახარიას კომპლექსისგან" - ასე უპასუხეს ექსპრემიერის პარტიაში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, სოზარ სუბარის, განცხადებას.
ნათია მეზვრიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, რომ მათზე თავდასხმის ნაცვლა, იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს მიხედონ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.
საერთოდ არავის აინტერესებს, რას იტყვის სოზარ სუბარი. სუბარს და ზოგადად "ოცნების ლიდერშიპს", თუ მოსახლეობისთვის რამის თქმა უნდა, ვურჩევდი, გამოვიდნენ და იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრობრონ, რაც მოსახლეობას აქვს.
გახარიას და ამ პარტიის კომპლექსიდან როგორმე გათავისუფლდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტები ბალანსის დაცვით მოქმედებდნენ და არ შეიქმნას კრიზისი. დღეს "ქართული ოცნების" და "ნაცმოძრაობის" წყალობით მუნიციპალიტეტის დონეზე ძალიან ბევრი საკითხია გაჩერებული"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
"ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მის პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში ადანაშაულებს.
სოზარ სუბარმა ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ ენმ-სა და "საქართველოსთვის" თანამშრომლობა ოფიციალურად დადასტურდა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს.