"შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ" - კალაძე ტრანსპორტის სააბონემენტო სისტემაზე
თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ გადახდის ახალი სისტემის მიუხედავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ ძვირდება. კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ ტრანსპორტის აბონიემნტში 250 ლარი ერთიანად გადაიხადონ, შეუძლიათ ბანკებს მიმართონ.
არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და იმის უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას, არ მომერიდებოდა. ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე
შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, არ მგონია პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის? ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან პენსიონრები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს, ეს არის ჩემთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი",- ამბობს კალაძე.
პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. ერთჯერადად ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. ამასთან შემოდის სააბონიმენტო სისტემა.
სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:
ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.