სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა, პრეზიდენტმა თქვა, რომ ტერმინი „შერიგება“ მისი არაა - თარხან-მოურავი

24.12.21 16:37
სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა, პრეზიდენტმა თქვა, რომ  ტერმინი „შერიგება“ მისი არაა - თარხან-მოურავი

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მასთან მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად შერიგების თემაზე არ უსაუბრია. 

თარხან-მოურავის თქმით, შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნების და მართლმსაჯულების საკითხები განიხილეს.

საუბარი იყო შეთანხმებაზე და ამ შეთანხმების ორ ძირითად შემადგენელზე - ერთი შემადგენელი არის მართლმსაჯულება, მეორე შემადგენელია სამართლიანი არჩევნები. ტერმინი „შერიგება“ საერთოდ არ იყო გამოყენებული და პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ტერმინი არ არის. ჩვენთვისაც გაუგებარია ვინ უნდა შეურიგდეს და ვის უნდა შეურიგდეს და რატომ. მართლმსაჯულება ნიშნავს იმას, რომ ის უნდა აღსრულდეს და სამართლიანი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ერთ-ერთი პუნქტი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეს იყო საყოველთაო და სავალდებულო არჩევნები. აი ამაზე ვისაუბრეთ, გამოსავალი არის სწორედ ის, რომ ასეთი შეთანხმება შედგეს, დაინიშნოს და უახლოეს პერიოდში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, სწორედ იმ პრინციპებზე აგებულია რაც ვთქვი“, - თქვა თარხან-მოურავმა.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში ეროვნული შერიგების ინიციატივის ფარგლებში შეხვედრები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.  პრეზიდენტი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" წარმომადგენელს, ეკა გიგაურსაც შეხვდა. ზურაბიშვილი ორშაბათს ნიკა მელიას ელოდება.

მსგავსი სიახლეები