"მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუს-ში, გარწმუნებთ, არ ვხუმრობ!"- სააკაშვილის სოლიდარობა კლუბებს
"სრული სოლიდარობა კლუბებს... ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლუბების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სააკაშვილი კლუბებს სრულ სოლიდარობას უცხადებს:
ქართული კლუბური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი სახელგანთქმული პროდუქტია, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მე გამიგია ძალიან ბევრი უკრაინელისგან, ევროპელისგან, ამერიკელისგან, რომ თბილისსა და ბათუმს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბები. ისინი არიან თავისუფლების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
ესე იგი, წინანდალში 500-კაციანი ქეიფი შეიძლება, ნაძვის ხესთან ათასობით ადამიანი დასაშვებია და კლუბები არა. გასაგებია, რომ მათ ხელოვნურად კლავენ ხან ერთი მიზეზით, ხან მეორეთი.
კიევში თითქმის არ ჩაკეტილა კლუბები და ეპიდემიის დროს ახლებიც კი გაიხსნა და ბევრად ნაკლებია კოვიდით დაღუპულები, ვიდრე თბილისში. ახლა ჩვენ ვკარგავთ პროფესიონალებს და ამ სფეროში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა უკრაინაშიც და ევროპაშიც.
ჩემი სრული სოლიდარობა კლუბების კოლექტივებს. ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ და მალე გახდებით ამის მომსწრე!" - წერს მიხეილ სააკაშვილი
ბოლო ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ BASSIANI-ს მისცა "გონივრული ვადა", იმისათვის, რომ კლუბის წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან აპარატურა და ტექნიკა გაიტანონ.
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ კლუბ "ბასიანთან". ადგილზე შეკრებილმა მხარდამჭერებმა, ასევე კლუბის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე მისულ შრომის ინსპექციას ობიექტის დალუქვის საშუალება არ მისცეს.
კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს დაგეგმილ ღონისძიებას ჩაატარებენ.