"დაასრულე კომენდანტი"- აქცია-მსვლელობა პარლამენტისკენ

03.04.21 17:05
"დაასრულე კომენდანტი"- აქცია-მსვლელობა პარლამენტისკენ

ამ წუთებში თბილისის 3 მთავარ ლოკაციაზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან. შეკრების საბოლოო ლოკაცია რუსთაველის გამზირია,სადაც აქცია-კონცერტი გაიმართება. აქტივისტები დღეს "კომენდანტის საათს" დაარღვევენ და აქციას გვიან ღამემდე გამართავენ.

აქციის მონაწილეებს დღეს დილიდან სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ ტვ პირველთან განაცხადა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ ტექნიკური აღჭურვილობის შეტანა მაინც მოახერხეს და სცენას მაინც გაშლიან.

მიუხედავად იმისა რომ სამართალდამცავებმა სცენის გამართვის საშუალება არ მოგვცეს, ჩვენ მოვახერხეთ ტექნიკური აღჭურვილობის შეტანა და დღის ბოლოს აუცილებლად იქნება სცენაც,იქნება სიტყვით გამოსვლები და პროტესტი აუცილებლად შედგება - ამბობს ნოდარ რუხაძე. 

 აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს შეიკრიბონ და ერთად მოსთხოვონ მთავრობას "კომენდანტის საათის" გაუქმება. 

ველოდებით ადამიანებს, მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ, ფილარმონიასთან ვუერთდებით სხვა ჯგუფებს. რუსთაველზე გვინდოდა კომფორტი შეგვექმნა ადამიანებისთვის, თუმცა შევეჩეხეთ წინააღმდეგობას, არ იცავენ ჩვენ სამოქალაქო უფლებებს, რომ სცენა გავაკეთოთ - ამბობს შოთა დიღმელაშვილი. 

მსგავსი სიახლეები