ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი - პრემიერი
საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა - ღრმად გვწამს, რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო მზად არის ალიანსში დასაწინაურებლად.
ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა - საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი - ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული. ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე - „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო“-ში, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა. დღეს საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია. ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენ მზად ვართ, სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. მე უკვე განვაცხადე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა. ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“, - წერს ღარიბაშვილი.