2021 ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოსთვის უკუსვლის წელი იყო - HRW-ის კრიტიკული ანგარიში

13.01.22 15:17
2021 ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოსთვის უკუსვლის წელი იყო - HRW-ის კრიტიკული ანგარიში

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელი საქართველოსთვის უკუსვლის წელი იყო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ანგარიშში მოხვდა 5 ივლისის მოვლენები და ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი.ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მმართველ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა. 

ანგარიშის მიხედვით,  გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა დაუსჯელობა.ანგარიშში ასევე მოხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილები.

"2021 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველის სამსახურმა 133 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე და ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. თებერვალში პოლიციამ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა დაუმორჩილებლობის ბრალდებით, როდესაც სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს კარავი წაართვა, რასაც იქ შეკრებილ აქტივისტებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

23 თებერვალს პოლიცია ძალის გამოყენებით შეიჭრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში, რათა პარტიის ლიდერი, ნიკა მელია გირაოს დამატებითი თანხის გადაუხდელობის გამო დაეპატიმრებინა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, დააკავა 21 ადამიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ოფისიდან კომპიუტერული სერვერები ამოიღო. ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა და ვერ განმარტა კომპიუტერული ტექნიკის ამოღების საფუძვლები. მელიას ბრალად 2019 წელს თბილისში მიმდინარე პროტესტის დროს ძალადობის წახალისება ედებოდა და ის უარს ამბობდა გირაოს იმ გაზრდილი თანხის გადახდაზე, რომელიც მას 2020 წლის ნოემბრის მიტინგზე ზედამხედველობის ელექტრონული სამაჯური მოხსნის შემდეგ დაეკისრა.   

საია-მ პოლიცია ასევე გააკრიტიკა დაუმორჩილებლობის ბრალდების "მშვიდობიანი პროტესტის აღკვეთის" საშუალებად გამოყენებისთვის იმ ადამიანთა დასაკავებლად, რომლებიც ზემოაღნიშნულ რეიდს აპროტესტებდნენ.

აპრილში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც  გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე. ამ ცვლილებების შედეგად გაორმაგდა ან გასამმაგდა ჯარიმები (თითქმის 1,300 აშშ დოლარამდე), გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 7-დან 15 დღემდე, ასევე, მოსამართლეს ჩამოერთვა განმეორებითი სამართალდარღვევისთვის შედარებით მსუბუქი სანქციის გამოყენების უფლება. ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა ეს ცვლილებები გააკრიტიკეს, რადგან ისინი "კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის". უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებს ეყრდნობა და სამართლიანი სასამართლოს ნორმებს უგულებელყოფს", – წერია ანგარიშში.