დავიწყებთ აქციებს - მამუკა ჩხიკვაძის თანამებრძოლები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

20.01.22 13:59
დავიწყებთ აქციებს -  მამუკა ჩხიკვაძის თანამებრძოლები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

ყოფილი სამხედროების ულტიმატუმი ხელისუფლებას - თუ 10 თებერვლამდე ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული მამუკა ჩხიკვაძე პატიმრობიდან არ გათავისუფლდება,  ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ, გადაკეტავენ ავტობანს და არ გაუშვებენ რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს.

სწორედ 10 თებერვალს გადის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩხიკვაძისთვის დაწესებული 2 თვიანი პატიმრობის ვადა. ყოფილი სამხედროები ასევე მოუწოდებენ მმართველ გუნდს, შეწყვიტონ რუსეთის მთავრობის არგაღიზიანების პოლიტიკა. 

რასაც ვითხოვდით, მოხდა- ,,წითელმა ჯვარმა" მოინახულა მამუკა ჩხიკვაძე. მათი ინფორმაციით, ზედაპირულად მამუკას ნაცემი არ ეტყობა. ველოდებით, როდის გამოვა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი და რა განცხადებას გააკეთებს, ვფიქრობ, უნდა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, აქტიური ნაბიჯები, რომ გაათავისუფლონ მამუკა ჩხიკვაძე და ჩვენი სხვა თანამოქალაქეები. თუ არ გათავისუფლდებიან, ჩვენ დავიწყებთ აქციებს.

მთავრობა განაგრძობს არგაღიზიანების პოლიტიკას. წინასწარპატიმრობის ვადა გასდის მამუკას და იმედს ვიტოვებთ, რომ მისი გათავისუფლება მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა მოუგვარებელი დარჩება, ჩვენ, თანამებრძოლები და მეგობრები, ვაპირებთ აქციებს. - აცხადებს ყოფილი სამხედრო, გიორგი კასრაძე.

სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 24 იანვრამდე უნდა გაასაჯაროვოს ინფორმაცია, თუ როგორია მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილ სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძეს, ყოველდღიურად სცემენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ. 

ამის პარალელურად, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მცოცავი ოკუპაციის დასრულებისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

ამ დროისთვის ცხინვალის იზოლიატორში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.