ვიღაცა ფულს იხდის ამაში - "ოცნების" იერიში დასავლურ მედიაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამტკიცებს, რომ დასავლური მედია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "ფეიქ" კამპანიით არის დაკავებული. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, The New York Times-მა და The Guardian-მა ოლიგარქის შესახებ სტატიები დაკვეთით დაბეჭდეს. ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი კობახიძემ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა ვერ უპასუხა კითხვას, რატომ შემოუშვეს ის საქართველოში.
ეს არის ორკესტრირებული "ფეიქ" კამპანია, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რამდენიმე დღის ინტერვალით როდესაც 2 საერთაშორისო მედიაგამოცემაში ქვეყნდება ერთი და იგივე სტატია, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ფულს იხდის ამაში. საეჭვოა ეს ყველაფერი, როცა ერთ-ერთი ჟურნალისტი არის მაგალითად ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი. ასეთი კამპანიის უკან არის ძალიან ადვილად განჭვრეტადი და აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რამდენად აღფრთოვანებულია "ნაციონალური მოძრაობა" სტატიებით, რომელსაც აქვეყნებს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ The New York Times-მა ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა სათაურით "ხეების სიყვარული, თუ ძალაუფლების დემონსტრირება? ოლიგარქის უცნაური პარკი". სტატია ივანიშვილის შესახებ ასევე მოამზადა The Guardian-მა.