გახარიას პარტია ენმ-ს გაგრძელებაა - ყოფილი თანაგუნდელების იერიში ექსპრემიერის გუნდზე
"ქართული ოცნება" პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ კორნელი სალიას არჩევას მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. სოზარ სუბარმა თქვა, რომ "გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა".
დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ გახარიას პარტია და ენმ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია, რეალურად, დესტრუქციული, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია. ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გიორგი აგხარია ჯერ პრემიემრინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით ენმ-ს და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა ეს ფაქტი და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად"- თქვა სუბარმა.
მისივე მტკიცებით, "დღეს მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და ენმ-ს ინტერესების გამტარებელია".
ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვისაც გაცხადდა, რომ პარტია საქართველოსთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის - გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა", - ამბობს სუბარი საგანგებო ბრიფინგზე.