ერგნეთში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა- საქართველოს მოქალაქეები კვლავ ცხინვალის საპატიმროში რჩებიან

20.01.22 17:48
ერგნეთში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა- საქართველოს მოქალაქეები კვლავ ცხინვალის საპატიმროში რჩებიან

კვლავ უშედეგოდ დასრულდა ერგნეთში მიმდინარე პრევენციებისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრა, რომელიც უკვე ექვს საათზე მეტია, მიმდინარეობდა. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის, ინფორმაციით, ცხინვალის რეჟიმი პოზიციებს არ თმობს და კვლავ უარზეა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები.

დღევანდელ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, შედგა ძალიან ვრცელი დისკუსია. რაიმე კონკრეტული პასუხი მათთან მიმართებაში ვერ წარმოგვიდგინეს. თუმცა, ეს საგანგებოდ აღინიშნა და ეს საკითხი პირველივე დღეებიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საგანგებო კონტროლზე იყო აყვანილი, ეს კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, რადგან ისინი უკანონო პატიმრები გახლავთ. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს, არის რაღაც სამუშაო ვერსიები, რაზეც აქ ვერ ვისაუბრებ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებამ დღის წესრიგში მთავარ განსახილველად ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენა. ახლა  ცხინვალის რეჟიმს უკანონო პატიმრობაში 6 პირი ჰყავს, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც შესაძლოა,  ე.წ. სამხედრო დანაშაულისთვის გაასამართლდეს. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს დიდი მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ ერგნეთში შეხვედრა რაიმე მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდებოდა.

,,ეს არის შეხვედრა შეხვედრისთვის"- აცხადებენ მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია" წევრები. ისინი აპირებენ, შეუერთდნენ იმ აქციას, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული მამუკა ჩხიკვაძის ახლობლებმა დააანონსეს.