ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ხელისუფლება ტურიზმის განვითარებისთვის 12 მილიონს დახარჯავს
ტურისტული გამოფენები და წარმომადგენლობები მსოფლიოს დიდ ქალაქებში - საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ბიუჯეტიდან 12 მილიონი დახარჯოს. ამ თანხაში შედის საერთაშორისო რეკლამები, მათი გადაღება და გავრცელება, ასევე, ტრენინგები და კვლევები. საქართველოს პრემიერმა 14 პუნქტიან განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
ყველაზე მეტ ფულს, 5 მილიონს, ხელისუფლება წარმომადგენლობითი ოფისების გახსნაში დახარჯავს, ანუ კონკრეტულ ქვეყნებში გაჩნდება ოფისები, რომლის მიზანიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმზიდველად წარმოჩენა იქნება. ჩნდება კითხვა, რა საჭიროა წარმომადგენლობები, როცა აღნიშნულ ფუნქციას ისედაც ითავსებენ საელჩოები.
გამოფენებზე საქართველოს მთავრობა ქართულ ღვინოს საქართველოდან არ წაიღებს და იქვე უცხოეთში იყიდიან, ამ მიზნით 5 ათასი ლარია გამოყოფილი, რადგან ტურიზმის სააგენტოს განმარტებით, 1 ბოთლი ღვინის ქვეყნიდან წაღება ზედმეტი ხარჯია.
ტურიზმის სააგენტოში მთელი წლის შესყიდვები წინასწარ გაწერეს და გეგმავენ, ბიუჯეტის ფული გამარტივებული ხელშეკრულებებით ფავორიტ კომპანიებს გადასცენ. არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებამ პარტიული აქტივი, ვისთვისაც საქართველოში სამუშაო ადგილები ვეღარ მოძებნა, უცხოეთში დაასაქმოს.
რეკლამებისა და წინასწარ ნაყიდი ღვინოსთვის ბიუჯეტიდან ტურიზმის ადმინისტრაცია მილიონებს წინასწარ ითხოვს.
ტურიზმის სექტორში თანხმდებიან, რომ მთავრობის ნაბიჯებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და დააკარგვინა ის ტურისტული პოტენციალი, რომელსაც სიმდიდრის მოტანა შეეძლო.
12 მილიონი, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რატომ იხარჯება, ვერ ვხვდები, რადგან ბევრად უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. მაგალითად, ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რომ გვინდა, ვიყოთ ქვეყანა, სადაც მაღალშემოსავლიანი ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ და აქ ბევრი ფული დახარჯონ.
თუ ასეა, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი ტურისტები ამერიკელები არიან, ეს არაერთი კვლევით დასტურდება. პანდემიამდე იყო საუბარი, რომ დაწყებულიყო პირდაპირი ფრენები ამერიკასთან, რაც დღესდღეობით არ მომხდარა და ამის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ ითქვა, დელეგაცია წასული იყო და მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო. ეს ან ვერ გააკეთეს, ან არ გააკეთეს.
როცა ამდებ ფულს ხარჯავენ წარმომადგენლობით ოფისებში, იმ რეისის აღდგენაზე უნდა იზრუნონ, რომელსაც საქართველოში მდიდარი ტურისტები ჩამოჰყავს. - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე, ,,ტრეფიკ თრეველის" ხელმძღვანელი.