თუ სააკაშვილი არ გჭირდებათ, გადმოეცით ის უკრაინას - ლიზა იასკო რუსთავის ციხეში არ შეუშვეს

21.01.22 14:33
თუ სააკაშვილი არ გჭირდებათ, გადმოეცით ის უკრაინას - ლიზა იასკო რუსთავის ციხეში არ შეუშვეს

უკრაინას რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი პირი, ლიზა იასკო, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს. 

ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, მორალურად და ფიზიკურად გაანადგუროს მიხეილ სააკაშვილი. რადას დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქე.

სამწუხაროდ, არ შემიშვეს ციხეში, ჩემს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, როგორც ნათესავზე და რადას დეპუტატზე, ასევე მიხეილის მოთხოვნაზე, მნახოს მე, როგორც მისი სამოქალაქო მეუღლე და რადას დეპუტატი. 

დღეს მასთან მივიდნენ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განუცხადეს, რომ მოვიდა ნეგატიური პასუხი. ეს იმისთვის კეთდება, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ. სიმართლე გითხრათ, ვშიშობდი, რომ ასეთი მომენტი დადგებოდა, როცა მე ციხეში შესვლას ამიკრძალავდნენ, რადგან ეს არის ნაწილი მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური განადგურებისა, რათა მასზე ზეგავლენა მოახდინონ. საშიშია, როცა ასეთი მომენტი დადგა. ახლა რუსთავში ვარ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, რაღაც შეიცვლება.  

ძალიან მძიმეა ის, რომ ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, როცა მისი ჯანმრთელობა თითქმის განადგურებულია წამებითა და არაადამიანური მოპყრობით, ეს იმის გამო ხდება, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ზიზღი არსებობს. მე კი იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ გისოსებსა და მინის კედლების მიღმა ის ვნახო. ეს ძალიან საშიშია, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ სამართალი იზეიმებს, რადგან არაკანონიერია, არ მისცე უფლება, შეხვდეს საკუთარ ნათესავებს. ასევე, უცხოელ დეპუტატებსაც არ ეძლევათ მისი ნახვის უფლება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი შეიცვლება და თავისუფლების შესაძლებლობა იქნება. 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინა მზადაა, წაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი. ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და გვჭირდება. თუ ის აქ არ გჭირდებათ და მზად ხართ, გაანადგუროთ, მაშინ გადმოგვეცით ჩვენ - აცხადებს სოციალურ ქსელში განთავსებულ მიმართვაში ლიზა იასკო.