ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა გახარიას გუნდზე - ნათია მეზვრიშვილის საგანგებო ბრიფინგი
ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა - ყოფილი პრემიერის გუნდი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საგანგებო ბრიფინგზე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ისევ ემუქრება.
მისივე თქმით, გახარიას პოლიტიკური გუნდის მომხრეებს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდანაც ათავისუფლებენ.
მეზვრიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს ოპოზიციაზე თავდასხმები დროულად გამოიძიოს.
“ოცნებამ" განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით, მათზე ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა. როგორც ჩანს, ოცნება ვერ ეგუება, რომ პოლიტიკურ ველზე პარტია „საქართველოსთვის“ გამოჩენით დაიწყო ცვლილებები, რაც პირდაპირ კავშირშია ოცნების ერთპიროვნული მმართველობის დამარცხებასთან, მითუმეტეს ამოწურული პოლიტიკური რესურსის პირობებში.
როგორც ჩანს, აღნიშნულის გააზრებამ ოცნებაში გამოიწვია შიში და მათ ნაციონალური მოძრაობის მსგავსი მეთოდებით, განაახლა პარტიაზე თავდასხმა, რომელიც ჯერ კიდევ ახალი წლის წინა დღეებში სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასრულწლოვან შვილზე თავდასხმით დაიწყო.
ეს 24 საათში გამოსაძიებელი საქმეა, მომხდარიდან 20 დღეზე მეტია გასული და შედეგი არ არის. ეს მაშინ, როცა გამოძიებისთვის კარგად ცნობილია თავდამსხმელთა ავტომანქანების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რის შესახებაც ინფორმაცია გამოძიებას ჩვენი პარტიის წარმომადგენელმა მიაწოდა"- თქვა მეზვრიოშვილმა.
რაც შეეხება ზეწოლის ფაქტს, გახარიას გუნდის წევრის თქმით, ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშნით, პარტიის არაერთი მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლებით არის დაკავებული.
ნათია მეზვრიშვილი, პარტიიდან რამდენიმე პირის წასვლის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტიც "ოცნების ზეწოლის შედეგი და სახელისუფლებო პარტიის მიერ დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებაა".
მინდა გითხრათ, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, რეაგირება ძალოვანი უწყებების მხრიდან ისევ არ არის, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ეს უწყებები ცალსახად არიან ჩართულები და მონაწილეობენ ოცნების მიერ ორგანიზებულ დანაშაულში, პარტიის მხრიდან მათი ინსტრუმენტად გამოყენება ხდება. მათ იყენებენ ინსტრუმენტად ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის.
ფაქტია, რომ ოცნების ხელში მოქალაქე დაუცველია, სახელმწიფო კი მოშლილი. ასეთი, მეთოდებით მართვის პირობებში, ცვლილებები გარდაუვალია” - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
გახარიას გუნდი ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს, მოუწოდებს შეწყვიტონ უკანონობა. მეზვრიშვილი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, გაასაჯაროონ მალხაზ თორიაზე თავდასხმის გამოძიების მასალები, გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობიდან აკაკი ბართაია და სათანადო რეაგირება მოახდინეთ ყველა დანაშაულზე.
გაბედეთ და დაგვისხედით დებატებში, მოქალაქეთა პრობლემებზე და ქვეყანაში თქვენს მიერ შექმნილ კრიზისზე სასაუბროდ. თუნდაც, იმ ბრალდებებზე გაბედულად სასაუბროდ, რომელსაც დამალულები აჟღერებთ” - დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.