უკრაინაში შექმნილი საომარი ვითარება- ,,ოცნება" და ოპოზიცია რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ხვალ იმსჯელებენ
საზოგადოებრივი წნეხის შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ" უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. ოფიციალური კიევის სახლმწიფო საზღვართან მიმდინარე პროცესებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა, სადაც რეზოლუციის საკითხზეც იმსჯელეს.
ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა, შეიქმნას ერთობლივი, უკრაინის სოლიდარობის ტექსტი, ასევე, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში კიევში შედგეს ვიზიტი და ამ ფორმით გამოხატონ მეგობარი სახელმწიფოს მიმართ კეთილგანწყობა და მხარდაჭერა.
არა მხოლოდ მხარდაჭერა, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მეგობრობის ჯგუფის გამოყენება და ერთობლივი ვიზიტები კიევში ამ ერთიანობის დასადასტურებლად. კიდევ ერთხელ თხოვნით მოგმართავთ, ამ თემაზე გვქონდეს კონსულტაციები - განაცხადა ბიუროს სხდომაზე ,,სტრეტეგია აღმაშენებლის" წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
რა ტექსტი უნდა ჩაიწეროს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე, ამაზე მმართველი პარტია და ოპოზიცია ხვალ კონსულტაციებს გამართავენ.
მთელი დღეა, უკრაინის საელჩოში ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა ვიზიტი მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტებმა ელჩ იური დოლგოვს მხარდაჭერისა და სოლიდარობის წერილი გადასცეს.