არაფორმალური მმართველობა და ელიტური კორუფცია - საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი გაუარესდა
საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ქულით გაუარესდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაშია აღნიშნული. ორგანზიაციის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოში არაფორმალური მმართველობა სახელდება. კვლევაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ფორმალურად წასვლის მიუხედავად, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები დღემდე სწორედ მის კომპანიებში ნამუშევარ ადამიანებს უკავიათ.
„სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი.“
მიზეზებს შორის ასევე დასახელებულია:
- ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში.
- გაწონასწორებისა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება – სასამართლოს, პროკურატურის და დამოუკიდებელი ინსტიტუციების პოლიტიკური დამორჩილება.
- პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში.
- მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ასეთ სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირება, როგორც წესი, არაეფექტურია. საგამოძიებო ორგანოების მიერ კორუფციის ფაქტები ხშირად გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება. არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა – მთელი რიგი ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია (ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი) ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობს (ინტერესთა შეუთავსებლობა, ნეპოტიზმი, მხილება და მამხილებელთა დაცვა, მბრუნავი კარი).